25 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
კლუბ „ბასიანის“ ხმაურიანი საქმე - სასამართლო პროცესზე მისულმა ბრალდებულმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა

ხმაურიანი საქმის კიდევ ერთი პროცესი სააპელაციო სასამართლოში დაიწყო. პოლიციის მაღალჩინოსნის და კლუბ „ბასიანის“ წევრების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს მეორე ინსტანცია განიხილავს.

ბრალდებული თამაზ ქვლივიძე, რომელიც საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ქვლივიძის ადვოკატი ამბობს, რომ სამი პირი იმის გამო დაჭრა, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ის თავს იცავდა.

„ყველა ჭრილობა პოლიციის თანამშრომელს მიყენებული აქვს იმ დროს, როდესაც ის ცდილობდა დანა გამოერთმია და ხელის მტევანი გაეჭრა, ასევე მხარში, მეორე დაცვის თანამშრომელს და სახის არეში. ექსპერტიზა არ არის. ეს ჭრილობები მსუბუქია, როდესაც შემავალი არ არის. დაცვის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას,“- განაცხადა ადვოკატმა, ზაზა მესხმა. 

ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქოს გადაწყვეტილებას შეცვლის. პროკურორის თქმით, ბრალდებულმა დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას შეეცადა. 

დღეს გაირკვევა, დარჩება თუ არა ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

დღის ამბები