19 აგვისტო 2018,   11:45
ვრცლად
უხარისხო ვაქცინა - აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შემოწმებას იწყებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწუნებული ვაქცინით საქართველოში ცოფის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები თვენახევრის განმავლობაში იცრებოდნენ. ქართული მხარისთვის გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ვაქცინა კლინიკებში ისე გამოიყენებოდა, რომ ამის შესახებ პაციენტები ინფორმირებული არ იყვნენ. ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 

აუდიტის სამსახურმა დააანონსა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შემოწმებას იწყებს, რადგან წინასწარი ინფორმაციით, ცენტრმა აკრძალული ვაქცინის 33 ათასამდე დოზა გამოიყენა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და არცერთ პაციენტს, რომელმაც ეს მედიკამენტი გამოიყენა, ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს აუდიტის სამსახურმა განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ მაკონტროლებელი უწყება იმუნიზაციის პროგრამას ეჭვის ქვეს არ აყენებს, თუმცა ამ საკითხის შესწავლას მაინც იწყებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ უვარგის ვაქცინას შესაძლოა, უკუშედეგი და ცოფის შემთხვევების მატება გამოეწვია.

ის, რომ ვაქცინა "ლიზავაკი" უხარისხოა, ადასტურებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თბილისის ოფისში, სადაც ამბობენ, რომ პრეპარატის ამოღება სამინისტროს მათ მოსთხოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები