20 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, სამშენებლო ნებართვების გაცემის საბჭოს მუშაობით პროკურატურა დაინტერესდეს 

ქაოტური მშენებლობები და სამშენებლო ნებართვების გაცემის საბჭოს გაუმჭვირვალე საქმიანობა - აუდიტის სამსახური საკითხის შესწავლას იწყებს. უწყებაში განმარტავენ, რომ თბილისში უნებართვო მშენებლობაზე ჯარიმა არაგონივრულად დაბალია და ხშირ შემთხვევაში, არც მისი აღსრულება ხდება.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, აუდიტის სამსახურის პარალელურად, საკითხით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ შემთხვევაში მაღალჩინოსნები სამშენებლო ნებართვის გაცემის სანაცვლოდ ქრთამსაც კი იღებენ.

„ძალიან კარგია, რომ ის ამას შეისწავლის, უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანია ამით დაინტერესდეს საგამოძიებო უწყებები, იმიტომ, რომ არა ერთი თანამდებობის პირი გვინახავს ჩვენ მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტზე, მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ," - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დედაქალაქის გენგეგმის დროული შემუშავების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველო“.

„ის, რომ არქიტექტურის სამსახურში პრობლემებია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. შესაბამისად, არის ქაოტური, უკანონო მშენებლობები. ამის ერთადერთი გამოსავალი იქნება ის, რომ თბილისს უნდა ჰქონდეს მთავარი დოკუმენტი, რაც არის გენგეგმა. გადახდილი არის უკვე ამაში 2 მილიონი ლარი მერიის მიერ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, აღნიშნული შეთანხმება აღარ ხორციელდება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ჟღენტმა.

დღის ამბები