25 მაისი 2018,   07:27
ვრცლად
მედია საზოგადოებრივი მაუწყებლის და „ქართული ოცნების“ პირისპირ - 52 მედიაორგანიზაცია მმართველ გუნდთან შეხვედრას ითხოვს

ქართული მედია საზოგადოებრივი მაუწყებლის და „ქართული ოცნების“ პირისპირ - 52 მედიაორგანიზაცია საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს და მათთან შეხვედრას ითხოვს.

კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მაუწყებლები ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

52 მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, კერძო მედიას ფინანსურად დააზარალებს. ცვლილებების ძალაში შესვლა დროებით პრეზიდენტის ვეტომ გააჩერა.

52 მედიასაშუალება მიიჩნევს, რომ ქვეყნაში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსება მუდმივად აჭარბებს სარეკლამო ბაზრის ნახევარს, მისთვის დამატებითი შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდა, საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორე მხრივ კი, ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და არგუმენტების მოსმენისთვის მზადაა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი მოუწოდებს მმართველ გუნდს, ამჯერად მაინც არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.

საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაჯდება „ქართული ოცნება“ გაფართოებული შემადგენლობით მედიასთან პირისპირ სასაუბროდ.

დღის ამბები