20 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
ე.წ. ცოფის ვაქცინის სკანდალი - ოპოზიცია მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო მარათონისთვის ბრძოლაზე მიუთითებს

დავით სერგეენკოს პოლიტიკური დისკრედიტაციის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი პარტიის ნაწილი ე.წ. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის სკანდალს. ე.წ. ცოფის ვაქცინის სკანდალი რომ მისი პოლიტიკური დისკრედიტაციის ნაწილი იყო, ამაზე ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ე.წ. ცოფის ვაქცინის სკანდალით რომ „ქართულ ოცნებაში“ ღია დაპირისპირება და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლა დაიწყო, ამაში დარწმუნებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი კაბინეტის რეიტინგულ მინისტრს აუდიტის სამსახურის გამოყენებით უპირისპირდება.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ დავით სერგეენკოს ყოფილი პრემიერი აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის გამოყენებით ებრძვის. კუკავას თქმით, მიზეზი კი სერგეენკოს პოპულარობა და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია.

„ევროპული საქართველო“ კი სახელმწიფო უწყებების არაკოორდინირებულ მუშაობაზე მიუთითებს. ჯანდაცვის ყოფილი მინიტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ შიდა დაპირისპირებამ და კონსულტაციების არარსებობამ სახელწიფო ინტერესებს სერიოზულად დააზიანა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ე.წ. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის სკანდალით მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო მარათონისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შემოწმებას ცენტრის მიერ 5 კვირის განმავლობაში ცოფის საწინააღმდეგო აკრძალული ვაქცინის გამოყენების გამო აპირებდნენ.

აუდიტის სამსახურის ამ განცხადებას გუშინ მინისტრ სერგეენკოს მხრიდან აუდიტის სამსახურის მიმართ ბრალდება მოჰყვა, რომ გავრცელებული არცერთი პუნქტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. აუდიტის სამსახურმა კი დღის ბოლოს განმარტა, რომ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

დღის ამბები