23 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
გენერლის მკვლელობაზე გამოძიებას დაკავებული არ ჰყავს, გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამა შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე არავინ ჰყავს დაკავებული. თითქმის, 40 საათიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ჭანტურია გათავისუფლებულია. ყოფილმა პროკურორმა და რუსთავის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი ბრალის წარდგენის გარეშე დატოვა. დღეს ჭანტურია პირველად გამოჩნდა კამერების წინ, თუმცა ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

შვილის უდანაშაულობას დღეს ხანგრძლივ პრესკონფერნციაზე ამტკიცებდა ყოფილი პროკურორის მამა. ზურაბ ჭანტურიამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლულ გენერალსა და მის ოჯახს შორის რუსთავის ბაზრის წილებთან დაკავშირებით დაპირისპირება იყო. ჭანტურია ადასტურებს, რომ სამსონ ქუთათელაძესთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, ყოფილი პროკურორის ოჯახი რუსთავის ბაზრობის ერთ ნაწილს ფლობს, სადაც სავაჭრო დახლებია განთავსებული.

ჭანტურიების ოჯახი 2010 წლამდე რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ წილი ბიზნესში ჭანტურიებს ზეწოლის შედეგად დაათმობინეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ისინი ძველი ბიზნესის დაბრუნებას ითხოვდნენ, რასაც ბაზრის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის უთანხმოება მოჰყვა.

ზურაბ ჭანტურია და მისი შვილი ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია "ქართული ოცნების" შემომწირველები იყვნენ. თუმცა ორი კვირის წინ მამა-შვილი რუსთავის მერმა დაიბარა და საჯარო სამსახურიდან წასვლის შესახებ ბრძანებები დააწერინა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები