20 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობა - მესამე სექტორი კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის გამოძიებაზე

არასამთავრობო სექტორი კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და საქმეში პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს.

საგანგებო განცხადებაში ირიბი მინიშნება კეთდება ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე, რომელიც წლების წინ ბრალდებულის ადვოკატთან ერთად მუშაობდა.

„მიგვაჩნია, რომ საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში განხილულია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი შონიას, გადაწყვეტილება, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული „პრივილეგირებული ოჯახის” წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას, საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა, ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი.

"იმისათვის, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის, დემოკრატიული განვითარების ფონდის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ.

დღის ამბები