16 აპრილი 2024,   23:44
ვრცლად
მოსამართლე ბადრი შონია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

„მე შევაფასე, რომ არ იყო სავალდებულო პატიმრობის გამოყენება და მივიჩნიე, რომ გირაოს უზრუნველყოფდა, ვინაიდან ის აღიარებდა, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი,“ - ეს განცხადება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ, არასამთავრობოების განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

არასამთავრობო სექტორი კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და საქმეში პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს.

ბადრი შონიას თქმით, ბასიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების დროს არც პოლიტიკურ პირთან და არც ოჯახის წევრთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ბადრი შონიამ მესამე სექტორის განცხადებაში მოყვანილი კიდევ ერთი საქმე - ბირჟა მაფიას წევრებისთვის პატიმრობის შეფარდება შეაფასა და განმარტა, რომ აღნიშნული საქმე მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნებოდა.

არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბადრი შონიას მიერ აღნიშნულ ორ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები კითხვებს აჩენს.

„ბადრი შონია იგივე მოსამართლეა, ვინც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილების მიმართ, თუ რამ გამოიწვია უფრო ლმობიერი მიდგომა უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ისეთი დანაშაულის მიმართ, როგორიც იყო კლუბ ბასიანთან მომხდარი ინციდენტი. ასევე საინტერესოა, მოცემულ მომენტში, რის საფუძველზე გამორიცხა მოსამართლემ დანაშაულის განმეორების შესაძლებლობა ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ და რაზე დაყრდნობით შეუფარდა მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო,“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები