25 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა - ბაზრის დირექტორი გიორგი ჭანტურიას მიერ კაზინოში წაგებულ დიდ თანხაზე ალაპარაკდა

უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში, მტკვარზე სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს. მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები, სამაშველო სამსახურის და მყვინთავების დახმარებით, მდინარეში რაღაცას ინტენსიურად ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს ეხება, თუმცა, არ აკონკრეტებს, რას ეძებენ მდინარეში.

ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველები მკვლელობის იარაღის პოვნას ცდილობენ.

ორდღიანი სამუშაოები დღესაც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ძებნა ხვალ გაგრძელდება.

მკვლელობის იარაღის გამოჩენა მნიშვნელოვნად გაუადვილებდა გამომძიებლებს გენერლის მკვლელის პოვნას. საქმეს ამ დრომდე არ ჰყავს ბრალდებული.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით, სამართალდამცველებში ყველაზე დიდ ეჭვს მაინც ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია, იწვევს. ის ჯერ ორმოცი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ გაათავისუფლეს და მერე ხელახლა დაიბარეს გამოკითხვაზე, სადაც კიდევ შვიდი საათი იმყოფებოდა.

დღეს ვრცელ ინტერვიუს დათანხმდა ბაზრის დირექტორი, რომელიც აქამდე კამერებთან კომენტარზე უარს აცხადებდა და რომელიც, შეიძლება, არსებულ ჩვენებებზე დაყრდნობით თვითონაც ეჭვმიტანილად იქცეს.

ბაზრის დირექტორი ამტკიცებს, რომ გიორგი ჭანტურიას კაზინოში დიდი თანხები აქვს წაგებული, რის გამოც ვალები დაუგროვდა. მისივე მტკიცებით, ჭანტურია სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო, სამსონ ქუთათელაძისთვის საკუთარი მიწის ნაკვეთების და თავისი დის წილების მიყიდვას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო.

ზოგადად, ქუთათელაძესთან რომ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, ამას თავად ჭანტურიაც არ უარყოფს.

 

დღის ამბები