24 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
"მე იქ აბსოლუტურად სხვა რაღაც მიწერია" - ქუთათელაძის საქმის მოწმე გასაჯაროებულ ჩვენებაში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს

იყო თუ არა დაპირისპირება რუსთავის ბაზრობის მეწილეებს შორის - დაძაბული ურთიერთობების შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც „შაბათის კურიერმა“ ბაზრის ერთ-ერთი მფლობელის უზიელ ნონის ჩვენება გაასაჯაროვა. თუმცა უკვე დღეს ისრაელის მოქალაქე უზიელ ნონი გასაჯაროებულ ჩვენებაში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს და ამბობს, რომ ასეთი ჩვენება მას საერთოდ არ მიუცია.

„ეს ჩვენება არასწორად არის ინტერპრეტირებული და გადმოცემული. მე იქ აბსოლუტურად სხვა რაღაც მიწერია. არ ვიცი ვინ და რატომ გააკეთა ეს. დირექტორთან არანაირი დაძაბული ურთიერთობა ქუთათელაძეს არ ჰქონია. სამსახურში სტაბილური, ნორმალური ურთიერთობა იყო. რაც შეეხება ჭანტურიას, მე არ მქონია მასთან ურთიერთობა. ბევრ რამეში არც ვერეოდი, რადგან ქართულად არ ვსაუბრობ. ქუთათელაძესთან მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი. იმ დღესაც გარდაცვალებამდე სადღაც სამი საათით ადრე მივედი ოფისში. მე და ქუთათელაძემ ვისაუბრეთ თურქებისგან პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით. მერე ოფისი დავტოვე. მეგონა ბუნებრივი სიკვდილით ასთმით გარდაცვლილი იყო. ვერ წარმოვიდგინე რომ ესროლეს. შეიძლება მის ადგილას მეც ვყოფილიყავი იმ დღეს და ჩემთვისაც ესროლათ. შოკში ვიყავი. რა თქმა უნდა უსიამოვნო განცდა მაქვს ამის შემდეგ. მეშინია კიდეც, მაგრამ ბაზრობიდან და საქართველოდან გაქცევას არ ვფიქრობ,“-განაცხადა ბაზრის ერთ-ერთმა მფლობელმა, უზიელ ნონიმ.

ნონის ადვოკატი პროკურატურას სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას სთხოვს და აცხადებს, რომ მოწმის ჩვენების გასაჯაროებით დაირღვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები.

„აღნიშნულ ჩვენებას, რომელიც გასაჯაროებული იქნა სატელევიზიო საშუალებებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება. მაგრამ აქ მეორე საკითხიც არის, რაზეც ჩვენ გენერალურ პროკურორს მივმართავთ განცხადებით იმის თაობაზე, რომ როგორ შეიძლება მოწმის დაკითხვის ოქმი იქნეს გამოტანილი და აღნიშნულზე ვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. იქიდან გამომდინარე, რომ ის ინფორმაცია, რომელიც სატელევიზიო საშუალებებით გაჟღერდა ეს არის არასწორი. მაგრამ ის დაცულობა, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ იყო,“-განაცხადა ადვოკატმა გია ჯანაშვილმა.  

ჩვენებაში კი რომელიც გასაჯაროვდა უზიელ ნონი საუბრობდა იმაზე, რომ ყოფილ მფლობელებთან და ბაზრის მოქმედ დირექტორთან ქუთათელაძეს დაპირისპირება ჰქონდა. ამავე ჩვენებაში ნონი იხსენებდა მწვავე შელაპარაკებას გიორგი ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის. უზიელ ნონი საუბრობდა ასევე კიდევ ერთ დეტალზე, ებრაელ ბიზნესმენ იგალთან ურთიერთობაზე, რომელიც სიგარეტის ბიზნესს უკავშირდებოდა. ნონი ამბობდა, რომ ერაყში სიგარეტის ბიზნესის დაწყების იდეის მოპარვის შემდეგ ქუთათელაძე იყო განაწყენებული. თუმცა დღეს ნონი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. 

„მე არ ვიცი ვინ თქვა და დაწერა ეს. მე მსგავსი ჩვენება არ მიმიცია. ჩვენს შორის ასეთი არაფერი ყოფილა. იგალი ებრაელი ბიზნესმენია. ის ბაზართან არაფერ კავშირშია. მე და ქუთათელაძე კი ძირითადად მხოლოდ ბაზრის საკითებზე ვსაუბრობდით,“-განაცხადა უზიელ ნონიმ.

 

დღის ამბები