25 აპრილი 2024,   00:21
ვრცლად
შინაური ცხოველის მასობრივი დახოცვა - ცხვრის ლეში მდინარე მტკვრიდან რამდენიმე მეტრში იხრწნება

დახოცილი ცხვარი მდინარე მტკვრიდან რამდენიმე მეტრში კვირაზე მეტია ყრია. 150-მდე შინაური ცხოველი ერთდროულად ვირუსმა გაწყვიტა, მწყემსებმა კი ლეში განადგურების ნაცვლად, მტკვრის მიმდებარედ დაყარეს. ფერმა, სადაც ათობით შინაური პირუტყვი იხრწნება, არაბ ბიზნესმენებს ეკუთვნით.

რამ გამოიწვია პირუტყვის მასიური დახოცვა და არსებობს თუ არა ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე, ცნობილი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება. ფერმაში დღეს სურსათის უვნებლობისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ტერიტორიის პირველადი შესწავლის შემდეგ, სპეციალისტები აცხადებენ, რომ დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

პირუტყვის ნარჩენები ყრია გორშიც, მდინარე ლიახვის ნაპირზე. ამ ტერიტორიიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი 100 მეტრში მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ანტისანიტარიის გამო ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

პრობლემის შესახებ იციან, თუმცა საუბარი არ სურთ სურსათს უვნებლობის ადგილობრივ სამსახურში. გორში ტერიტორიის დასუფთავება მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც საკითხით "კურიერი" დაინტერესდა.

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები