23 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
სამხედრო პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლება - სასამართლოს ორმა ინსტანციამ იზორიას გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო

სასამართლოს ორმა ინსტანციამ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილება, სამხედრო პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უკანონოდ სცნო და გააუქმა. ამის შესახებ ყოფილმა სამხედრო პოლიციელმა, შოთა მათითაიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ 2016 წლის დეკემბერში, ოპტიმიზაციის ფარგლებში, ათეულობით სამხედრო პოლიციელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სამხედროები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

„ჩვენ ვიყავით დათხოვილი სამსახურიდან სრულიად უსამართლოდ, სრულიად უკანონოდ და მე და ჩემმა მეგობრებმა ეს დავამტკიცეთ. ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ სასწრაფო წესით მოხდეს ჩვენი სამსახურებში აღდგენა,“ - განაცხადა შოთა მათითაიშვილმა.

ყოფილი სამხედროების პრეტენზიებს უკვე უპასუხეს თავდაცვის სამინისტროში.

„სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია, რეფორმა, რომელიც გულისხმობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების გარდაქმნას და მის ჩამოყალიბებას ნატოს სტანდარტების მიხედვით. სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ ამ ბატალიონებში, მათი შტატები დაექვემდებარა გაუქმებას. პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ ვთვლით, რომ რეფორმა განხორციელდა სწორად და სამართლიანად, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ, მოცემული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში,“ - განაცხადა შსს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ.

დღის ამბები