25 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ უზიელ ნონის გენერლის მკვლელობასთან დაკავშირებით გიორგი ჭანტურიაზე ხელის დადება მოსთხოვონ

„დღეს უკვე, უზიელ ნონი საუბრობს, რომ არც ერთი ჩვენება არ არის მის მიერ მიცემული,“ - ეს განცხადება გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ანა კეკელიძემ გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების მსვლელობის შეფასებისას გააკეთა. გენერალ ქუთათელაძის ბიზნეს პარტნიორი ისრაელიდან, უზიელ ნონი საკუთარ ჩვენებას  უარყოფს.

უზიელ ნონის მტკიცებით, მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღწერილ ფაქტებზე არაფერი იცის. „კურიერის“ მიერ მოპოვებული ჩვენების მიხედვით, ებრაელი ბიზნესმენი საუბრობს, რომ ქუთათელაძისა და ცხოვრებაძეს შორის დავა ფინანსურ დარღვევებზე ისე დაიძაბა, რომ ქუთათელაძემ მას კალკულატორიც კი ესროლა.

ანა კეკელიძე აცხადებს, რომ გამოძიება არასწორად დაიწყო და ვარაუდობს, რომ მტკიცებულებებს გამომძიებლები თავიდანვე აყალბებდნენ.

ადვოკატის თქმით, გამოძიება ცდილობს, რომ უზიელ ნონის ორივე ჩვენება ბათილად ცნოს და ის თავიდან დაკითხონ, რათა მასზე ზეწოლა მოახდინონ იმასთან დაკავშირებით, რომ მან მხოლოდ ჭანტურიას შემხებლობაზე ისაუბროს.

„არსებობს ვერსია, რომ გამოძიება მას ედავება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩვენებები, რომლებიც მან მიაწოდა გამოძიებას, რომ შეცვალოს, სავარაუდოდ, და გიორგი ჭანტურიაზე მოხდეს ხელის დადება მისი მხრიდან,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს და 40-საათიანი დაკავების შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

სამსონ ქუთათელაძე მოკლული საკუთარ კაბინეტში ნახეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები