23 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
თავდასხმა ტაქსის მძღოლზე - ზაზა გუმბერიძე არ გამორიცხავს, რომ მას თავს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი შეიარაღებული პოლიციელი დაესხა

შეიარაღებული თავდასხმა ტაქსის მძღოლზე - აეროპორტის გზაზე მომხდარი ინციდენტის დროს ზაზა გუმბერიძეს 2 პირი იარაღის მუქარით სასტიკად გაუსწორდა. დაზარალებულს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ამ დრომდე კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფება.

დაშავებული გუმბერიძე „კურიერთან“ ყვება, რომ მას 2 პირი სასტიკად გაუსწორდა და ასევე, მას იარაღით ემუქრებოდნენ.

ზაზა გუმბერიძე ყვება, რომ ორი პირი სასტიკად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შესაბამისი ამკრძალავი ნიშნის გამო, მან ვერ შეძლო საავტომობილო გზის დათმობა.

ზაზა გუმბერიძე ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავი იყო.

„ჯიპით ნასვამები იყვნენ, ერთს იარაღი ჰქონდა, მგონი „ნარუჩნიკიც“ დავუნახე. მერე პატრულიც, რომ მოვიდა, მგონი, რაღაც საბუთი ანახა, არ მახსოვს რა, თანამშრომელი იყო ასპროცენტიანი,“ - განაცხადა ზაზა გუმბერიძემ.

გუმბერიძე ასევე, იხსენებს, რომ ის მშენებლობაზე მყოფმა მუშებმა გადაარჩინეს. თვითმხილველების თქმით, მათ ჩხუბის ხმა გაიგონეს და მათი გაშველება სცადეს.

მათი თქმით, შეიარაღებულ პირებს იარაღი წაართვეს, რათა მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აეცილებინათ.

ოჯახის წევრების თქმით, თავდამსხმელები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. დაზარალებულის ძმა, კობა გუმბერიძე აცხადებს, რომ მან თავად პატრულის საუბარი მოისმინა.

„მიწაზე წააქციეს, უმოწყალოდ სცემდნენ და მუშები, რომ არ ყოფილიყვნენ მოკლავდნენ, წინააღმდეგობა, რომ გაეწია დახვრეტდნენ. მე აქ ვუსმენდი პატრულის თანამშრომელს და ლაპარაკობდნენ, რომ თანამშრომლები არიან, მე ვეჭვობ, რომ პოლიციელები არიან,“- განაცხადა კობა გუმბერიძემ.

ოჯახის ვერსიას შსს უარყოფს და აცხადებენ, რომ ორივე პირი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და ასევე, 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. 

დღის ამბები