18 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
მღვდელი ყალბი პასპორტით - მოსკოვის ქართული ეკლესიის მამაოს რუსეთი დაატოვებინეს

მოსკოვის ქართული ეკლესიის მამაოს რუსეთი დაატოვებინეს. მანამდე მამა მირიანს პოლიცია დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ეძებდა. როგორ ცხოვრობდა ქართველი სასულიერო პირი გაყალბებული დოკუმენტებით მოსკოვში, ამოუხსნელია. მამა მირიანმა თბილისში წამოსვლით თავი დააღწია პატიმრობას, რომელიც ემუქრებოდა.

მრევლის მონაყოლით, მამა მირიანმა ტაძარი ყველასთან შეუთანხმებლად დატოვა, ტაძრის რუსმა წინამძღვარმა კი შემთხვევით გაიგო, რომ ქართველ სასულიერო პირს საზღვარი უკვე გადაკვეთილი ჰქონდა და ის თბილისში იმყოფებოდა. მისი წამოსვლის შესახებ ტაძრის საძმოს წევრებმაც თბილისიდან გაიგეს, მამა მირიანის სულიერი შვილები კი ამ გადაწყვეტილებით საპატრიარქოს დაუპირისპირდნენ.

ორად გაყოფილი მრევლის დაპირისპირების ისტორია მამა მირიანის წამოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. დავა ბიზნესინტერესებს უკავშირდება. უთანხმოება მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ეკლესიის ეზოში მდებარე კაფემ გამოიწვია. ვინ ჩაიგდებდა ხელში მოსკოვში ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესს, მთავარი საკითხი იყო.

ქართველი ემიგრანტები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ მათ შორის უთანხმოების უკან, სასულიერო პირების გარდა, სხვა უფრო გავლენიანი გვარები დგანან. პირი, რომელზეც ეკლესიის ეზოში მდებარე რესტორნის ხელმძღვანელი და ტაძარში მოღვაწე მღვდელი საუბრობს, ქართველთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ ხუბუტიაა. მათი ინფორმაციით, გავლენების მოპოვება ტაძარზეც და ბიზნესზეც სწორედ ხუბუტიას სურს.

საქართველოს საპატრიარქომ თბილისიდან მოსკოვში მცხოვრებ მრევლს გადაწყვეტილება უკვე გაუგზავნა, მამა მირიანი იქ აღარ დაბრუნდება, მრევლს კი მოუწევს სულიერი მოძღვარი შეიცვალოს.

მამა კახაბერ გოგოტიშვილი მოსკოვში გასამგზავრებლად ემზადება. მას იმ ეკლესიაში მოუწევს მსახურება, სადაც მრევლი ორად არის გაყოფილი.

 

დღის ამბები