19 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
200-მდე მეხანძრე-მაშველი, კადრების განყოფილების განკარგულებაშია გადაყვანილი​ - მღებრიშვილი საკადრო წმენდას იწყებს 

გიორგი მღებრიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას საკადრო წმენდით იწყებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, კადრების განყოფილების განკარგულებაშია გადაყვანილი. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სამსახურიდან არიან დათხოვნილი ის თანამშრომლებიც, რომლებიც სისტემაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

საკადრო წმენდას სახანძრო სამსახურში უკვე ემსხვერპლა რამდენიმე ხელმძღვანელი, სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ ასრულებენ რიგითი მეხანძრე-მაშველებიც.

ადამიანები, რომელთა ნაწილი გაუშვეს, უფრო დიდი ნაწილი კი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, მათი მომავალი საქმიანობა ბუნდოვანია. კადრების განკარგულებაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უკვე ყოფილი მოადგილე დავით გელაშვილიც.

ცვლილებები სახანძრო-სამაშველო სამსახურის მხოლოდ ცენტრალურ აპარატს და თბილისს არ შეხებია. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი ყველა რაიონის სამაშველოს უფროსი.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, თანამშრომლების, მათ შორის რიგითი მეხანძრე-მაშველების გაშვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურის გარეშე დარჩენილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლექსო ჭიკაიძე საქმიანობას სპორტის სფეროში გააგრძელებს. ახალ ცენტრში საკადრო ცვლილებები კი კიდეც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები