20 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
ამ კომპანიას ლობირებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები - ირაკლი ნადირაძე "ყვარელრემმშენზე" საუბრობს

„ჩვენი ინფორმაციით, ამ კომპანიას ლობირებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, კერძოდ, ბატონ მათიკაშვილზე არის საუბარი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის არის მისი ბავშვობის მეგობარი და სწორედ ამიტომ მოხდა თვალის დახუჭვა,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შეფასებისას გააკეთა. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში "ყვარელრემმშენმა" განხორციელდა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, აღნიშნულმა კომპანიამ ყვარელში დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რი გამოც, დაჯარიმდა კიდეც.

„ეს იყო კომპანია, რომელიც ფაქტობრივად, შავ სიაში იყო შეყვანილი გამომდინარე იქიდან, რომ მან ყვარელში ვერ შეასრულა მთელი რიგი ვალდებულებები და ის ამის გამო დაჯარიმდა კიდეც, თუმცა მაშინ როდესაც საქმე ეხებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის გარემონტებას, ეს უგულებელყო შესაბამისმა სამსახურმა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა,“ - განაცხადა ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრის თქმით, აღნიშნული კომპანიის მიერ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შესრულებულ სამუშაოებს საგარანტიო ვადა 10 წელი ჰქონდა.

„საგარანტიო ვადა დოკუმენტების მიხედვით ამ სარემონტო სამუშაოებს უნდა ჰქონოდათ 10 წელი, თუმცა, როგორც ვნახეთ, არანაირი 10 წელი, ფაქტობრივად, 4 თვე ვერ გაძლო ამ კონკრეტულმა ჭერმა,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

დღეს დილით მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

დღის ამბები