25 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
გარჩევა მოზარდებს შორის - 191-ე სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს

გარჩევა საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის - „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ 191-ე სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში არიან დაბარებულები.

როგორც 191-ე სკოლის დირექტორი თინა ბაქრაძე ყვება, ინციდენტი სკოლიდან მოშორებით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა. მეთერთმეტეკლასელები უკვე სახლში ბრუნდებოდნენ. დირექტორის თქმით, როგორც ბავშვები ამბობენ, ერთ-ერთ მათგანს, უცნობმა პირმა დაარტყა და გაქცევა სცადა.

თინა ბაქრაძე ამბობს, მომხდარ დაპირისპირებას ერთ-ერთი მოქალაქე შეესწრო, რომელმაც მანდატურს აცნობა. მანდატურის თანამშრომლებმა ბავშვები სკოლის შენობაში შეიყვანეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

„გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ბავშვები მიდიოდნენ სახლში სკოლის, ტერიტორიის იქით არის კორპუსები. ერთ-ერთი შემთხვევით გამვლელი იყო, არ ვიცით ვინ იყო, შემოვიდა, მანდატურს უთხრა, რომ ბავშვებს შორის შეესწრო ჩხუბს, დაპირისპირებას. ამ დროს, რა თქმა უნდა, მანდატურიც, მოადგილეც გავიდა. ნახეს უკვე რომ აღარაფერი აღარ იყო ან დასრულებული იყო. ეს ბავშვები მოვიყვანეთ ჩვენთან სკოლაში გამოკითხვის მიზნით, რა მოხდა და ბავშვები ამბობენ, რომ სახლში მიდიოდნენ და ვიღაც უცხო პიროვნებამ, ერთ-ერთს უკანა მხრიდან წამოარტყა თავში და არ იცის ვინ არის ეს ადამიანი და გაიქცა,“ - ამბობს 191-ე საჯარო სკოლის დირექტორი თინა ბაქრაძე.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ბავშვების გამოკითხვა უკვე დაასრულეს.  

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

 

 

 

დღის ამბები