20 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
კომპანია "ყვარელრემმშენის" კონტრბრალდებები - გიორგი ჯოხარიძე აცხადებს, რომ მის კომპანიას ახალი კონსტრუქციის ძველზე დამონტაჟება მერიამ დაავალა

„არანაირი შენიშვნა მერიას არ ჰქონია,“ - ეს განცხადება კომპანია „ყვარელრემმშენის“ დამფუძნებელმა, გიორგი ჯოხარიძემ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. კომპანია "ყვარელრემმშენის" დამფუძნებელი 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი დილით ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს კომპანია "ყვარელრემმშენმა" განხორციელდა.

კომპანია, რომელიც დღეს ბრალდებების მთავარი ადრესატი იყო, მერიას კონტრბრალდებებს უყენებს.  კომპანია „ყვარელრემმშენის“ დამფუძნებელი, გიორგი ჯოხარიძე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ დაავალა მათ ახალი კონსტრუქცია ძველ კარკასზე დაემონტაჟებინა, რასაც ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.

გიორგი ჯოხარიძის თქმით, ახალი კონსტრუქცია ძველზე დაამაგრეს და სწორედ ამან ნგრევა გამოიწვია.

„არსებული ძველი კონსტრუქცია მოიშალა და მაგან წამოიღო დანარჩენი ახალი კონსტრუქცია. დატოვეს, ასე იყო პირობებში, ძველ კონსტრუქციაზე უნდა გაგვეკეთებინა ახალი კონსტრუქცია,“ - განაცხადა გიორგი ჯოხარიძემ.

კომპანია „ყვარელრემმშენის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რომლებმაც ძველი კონსტრუქციის სიმყარის შესახებ ექსპერტიზა დადო.

დღის ამბები