22 აგვისტო 2018,   09:47
ვრცლად
"აჭარა არის ჭაობიანი ადგილი... 3-4 წელიწადში ეს იქნება კატასტროფა"-გიგანტური ხეების გადარგვას აჭარაში ოპოზიცია ეხამურება

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია აჭარაში მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ის სამუშაოები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანის გამო მიმდინარეობს, საბოლოოდ ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის.

„პრობლემა უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი ადამიანის ახირება. აჭარა არის მეწყერსაშიში ზონა და იმ სამუშაოების გამო, რასაც ერთი ხის გადასატანად ახორციელებს, იქმნება ეკოლოგიური პრობლემები,“-განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

მისივე თქმით ასე თუ გაგრძელდა 3-4 წლის შემდეგ ეს სავალალო შედეგს გამოიღებს.

გარდა ამისა, ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ხეების გადაზიდვის პროცესში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და ისინი ვალდებულადაც კი არ თვლიან თავს ფორმალური ნებართვისთვის შეიწუხონ თავი.

მოსალოდნელ კატასტროფაზე საუბრობს ორგანიზაცია „სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპები 21 -ე საუკუნეს“ ხელმძღვანელი, ჯემალ ქიქავა.

„ასი წლის ჩაძინებულ მიკრობებს ესენი აღვიძებენ, იმიტომ რომ იქ დგება წყალი, აჭარა არის ჭაობიანი ადგილი. სამ, ოთხ წელიწადში, ის ასი წლის ჩაძინებული მიკრობები სულ ყველა გაიღვიძებს და ეს იქნება კატასტროფა,“-განაცხადა ჯემალ ქიქავამ.

მისი თქმით ის გაკვირვებულია, როდესაც საზოგადეობის ნაწილს ამაზე რეაქცია არ აქვს და თვლის, რომ სულ ერთია რას იზავს ბიძინა ივანიშვილი.

ჯემალ ქიქავა თვლის რომ წინა ხელისუფლება ჭრიდა ხეებს, მაგრამ იქ ობიექტები ჩნდებოდა ახლა კიმიზანმიმართული ნგრევა მიდის.

„შეხედეთ თბილისს კლდეს ჩამოანგრევენ, მიდიან საყდრისს აფეთქებენ... მე მაინტერესებს 7 ნოემბრის, 26 მაისის ვერმიშელას საკნების ხალხი სად არიან. ესენი ხომ ითხოვდნენ რაღაცას. სად არის ეს თქვენი პროტესტი,“-განაცხადა ჯემალ ქიქავამ. 

დღის ამბები