19 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
აშშ-ის მიერ ე.წ. შავი სიის გამოქვეყნება - კრემლთან დაახლოებული რუსი მილიარდერების კომპანიების აქტივები რამდენიმე მილიონით გაუფასურდა

ერთი მილიარდი დოლარის ზარალი 24 საათში - ეს არის პირველი შედეგი, რომელიც შეერთებული შტატების მიერ ე.წ. შავი სიის გამოქვეყნებას მოჰყვა. "ფორბსის" მონაცემებით, კრემლთან დაახლოებული რუსი მილიარდერებიდან ყველაზე მეტად ვაგიტ ალეკპეროვის "ლუკოილის" აქტივები, 226 მილიონით გაუფასურდა.

205 მილიონი დაკარგა ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მფლობელმა ვლადიმერ ლისინმა. კიდევ ერთი ოლიგარქის სულეიმან კარიმოვის კომპანიების აქტივების ფასმა კი 102 მილიონით დაიკლო.

ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ კონგრესში რუსეთის რეჟიმის წევრების და კრემლის ოლიგარქების სიის გადაგზავნას და რუსეთის სამხედრო სფეროების წინააღმდეგ ამ ეტაპზე ახალი სანქციების არ დაწესებას, ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში პირველი შეფასებები მოჰყვა.

„რუსეთი ერთხელ უკვე ჩაერია ჩვენს არჩევნებში. ბატონი პუტინი არ შეჩერდება. არავინ იცის რას გააკეთებს ის 2018 წლის კონგრესის არჩევნებში. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი არაფერს აკეთებს რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა სენატორმა აშშ-ს დემოკრატიული პარტიიდან ბენ კარდინიმ.

კიდევ ერთი სენატორი აშშ-ს დემოკრატიული პარტიიდან ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ოლიგარქების გვარები, რომლებიც ამ სიაშია ჩამოთვლილი, ჟურნალ „ფორბსის“ სიიდანაა აღებული.

სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი კი აცხადებს, რომ არსებობს კანონით დაწესებული სავალდებულო სანქციები, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი მათ იგნორირებას ახდენს.

ადმინისტრაციის მიერ კონგრესში კრემლის ოლიგარქების და რეჟიმის წევრების სიის გადაგზავნას უკმაყოფილება მოჰყვა ამერიკელი სპეციალისტების მხრიდანაც. დენიელ ფრიდმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის სანქციებს კურირებდა, დღეს ადმინისტრაციის ნაბიჯს იმედგაცრუება და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა უწოდა.

განცხადება გააკეთა აშშ-ს ორგანიზაცია ”თავისუფალი რუსეთის ფონდის” ექსპერტმა ანდრეი პიონტკოვსკიმაც.

„პოზიტიური ნაბიჯი იქნება ახლა, ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს კონგრესში გაასაჯაროვონ რუსი მაღალჩინოსნების ფინანსური დანაშაულების შესახებ ინფორმაცია. გარწმუნებთ რომ ამ ნაბიჯს რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება, რადგან ამერიკელი ლიდერები საბოლოო ჯამში მოახდენენ მათი ანგარიშების გაყინვას და ქონების კონფისკაციას,“ - აცხადებს პიონტკოვსკი.

დღის ამბები