27 იანვარი 2020,   17:24
ვრცლად
ახლო-აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაიძაბა-სამხედროებმა 19 წლის პალესტინელი აქტივისტი მოკლეს

ახლო-აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაიძაბა. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სპეცოპერაციის დროს სამხედროებმა 19 წლის პალესტინელი აქტივისტი მოკლეს.

ინციდენტი სოფელ ბურკინში მოხდა, სადაც სამართალდამცველები ებრაელი სასულიერო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციას ატარებდნენ. სპეცოპერაციის დროს ადგილზე ორასამდე პალესტინელი შეიკრიბა და ძალოვანებს ქვები და ბოთლები დაუშინა.

სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქტივისტების დასაშლელად ჯერ სპეცსაშუალებები გამოიყენეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აქტივისტი ძალოვანების მანქანას მიუახლოვდა და კარი გააღო, ჯარისკაცმა მას ესროლა.

ისრაელის არმიამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე რეგულარული რეიდების ჩატარება ნაბლუსში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაიწყო, რომელსაც სასულიერო პირი ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრმა ძალოვანებს რაბის მკვლელობის ორგანიზატორების უმოკლეს ვადაში დაკავება დაავალა. 

დღის ამბები