20 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
"მივმართავ პოროშენკოს, დაბადებული ხოხვისთვის ფრენას ვერ შეძლებს" - მიხეილ სააკაშვილი

18 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ალტერნატიულ მთავრობას და საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევში, ევროპის მოედანზე, გააკეთა და აღნიშნა, რომ მორიგი საპროტესტო აქცია სწორედ 18 თებერვალს გაიმართება.

სიტყვით გამოსვლის დროს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პოროშენკოს პოსტის დროულად დატოვება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მტკიცებით, ის ხალხის რისხვას ვერ ასცდება.

„მივმართავ პოროშენკოს, დაბადებული ხოხვისთვის ფრენას ვერ შეძლებს. შესაძლოა, ის კანფეტების ფაბრიკის კარგი დირექტორია, მაგრამ პრეზიდენტობა არ არის მისი ბედისწერა. უკრაინელი ხალხი მომთმენი და კეთილშობილია, თუ ის ახლა მშვიდად წავა, არ დაუშვებს სისხლის ღვრას და სამოქალაქო ომს. ხალხი ბევრ რამეს აპატიმრებს, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გავაფრთხილო, რომ, თუ ის შეეცდება, მოეჭიდოს ხელისუფლებას, გააგრძელებს ხალხის რეპრესიებს და მოემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, მაშინ მას ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრება. რუსეთში ვერ გაიქცევა, დასავლეთი მას არ მიიღებს და ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება.

"ჩვენ გვჭირდება ყველა ჯანსაღი ძალის გაერთიანება, რომელიც უკრაინაში მრავლადაა. ძალიან გთხოვთ, რომ თითოეულმა თვენგანმა 18 რიცხვში აქციაზე ერთი ადამიანი მოიყვანოთ, ხალხს სურს მოსვლა, მაგრამ არა აქვს ფული და არც ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ისინი დავაფინანსოთ. მე პირობას გაძლევთ, რომ სადაც არ უნდა გამამწესონ, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ დაჯგუფებას და უკრაინა იქნება გამარჯვებული და თავისუფალი,” - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, იური დერევიანკო, რომელმაც აღნიშნა, რომ პოროშენკოს ინტერესები პირდაპირ ემთხვევა ვლადიმერ პუტინის ინტერესებს.

„პოროშენკომ დააწესა არაფორმალური მმართველობა უკრაინის სახელისუფლებო ორგანოებში, რადაში, უსაფრთხოების სამსახურში, სასამართლოსა და ტელეარხებზე. ის გახდა ოლიგარქებისთვის დაუსჯელობის გარანტი და კორუფციის მფარველი. მისი ინტერესები პირდაპირ ემთხვევა ვლადიმერ პუტინის ინტერესებს, მაგრამ სახელმწიფო ეკუთვნის მოქალაქეებს და ჩვენ არ შევეგუებით ამ რეჟიმს. ჩვენი უპირობო მოთხოვნაა - გადადგეს პოროშენკო. ვითხოვთ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ამ მოთხოვნით ჩვენ 18 თებერვალს ვიკრიბებით ყველა, არამხოლოდ კიევის მაიდანზე, არამედ ქვეყნის ყველა მოედანზე. ჩვენ ვიქნებით მილიონობით და დავამარცხებთ ამ კორუმპირებულ რეჟიმს,“ - განაცხადა იური დერევიანკომ.

მიხეილ სააკაშვილმა, მომხრეებთან ერთად, "იმპიჩმენტის მარში" ტარას შევჩენკოს მოედნიდან დაიწყო. თავდაპირველად მსვლელობის დასრულება მაიდანზე იგეგმებოდა, თუმცა, აქციის მონაწილეებს ამის უფლება პოლიციამ არ მისცა იმ მოტივით, რომ მთავრობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეული კონსტრუქციის აგებას აპირებდა.  

 

 

 

ავტორი: ზურა ხვისტანი

ამავე თემაზე
დღის ამბები