20 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
სუს-ის უფროსს მისი ნათესავის ყოფილი ცოლი უპირისპირდება

სუს-ის უფროსს ყოფილი რძალი უპირისპირდება. ნინო ნიქაბაძე თავის მეუღლეს, რომელიც ვახტანგ გომელაურის ნათესავია და თავად ვახტანგ გომელაურს ზეწოლაში, დისკრედიტაციაში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში ადანაშაულებს.

ნიქაბაძე თვითონ იყო სუს-ის თანამშრომელი, დღეს კი საქართველოდან სუს-ის კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელთან, კობა კაპანაძესთან ერთად, გაქცეულია და სხვა ქვეყანაში იმალება. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ მათ, თავის დროზე, გომელაურის უკანონო დავალებების შესრულებაზე უარი განაცხადეს, რის გამოც, სამსახურიდან მუქარით გააგდეს და ისინი იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ.

ნინო ნიქაბაძე თავის ქმარს, ანუ გომელაურის ნათესავს, ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას საერთო ბიზნესი აქვს სუს-ის უფროსთან ერთად.

სუს-ში კი ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ. ანონიმური წყარო სუს-დან ამბობს, რომ რეალურად არანაირი საფრთხე ნინო ნიქაბაძეს და მასთან ერთად გაქცეულ კობა კაპანაძეს არ ემუქრება და მათ დღესვე შეუძლიათ საქართველოში დაბრუნება. ამასთან, მათ მიმართ არანაირი ინტერესი არც ზოგადად სუს-ს და არც პირადად ვახტანგ გომელაურს არ აქვთ და შესაბამისად, არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან წყარო სუს-დან ამტკიცებს, რომ ნიქაბაძის ქმარი ვახტანგ გომელაურის ძალიან შორეული ნათესავია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მიეხმარა ნინო ნიქაბაძეს მუშაობის დაწყებაში, თუმცა, შემდეგ არასათანადო და ამორალური ქცევის გამო, იძულებული გახდა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

სუს-ში ამბობენ, რომ სწორედ ამ არასათანადო ქცევის გადასაფარად გამოიგონეს გაქცეულებმა ზეწოლის და მუქარის ისტორია.

დღის ამბები