18 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
"არსებობს რისკი, რომ ხელისუფლებამ განახორციელოს გეგმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებასთან და ასევე მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით"-სააკაშვილის ადვოკატი

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. მოსამართლეთა კოლეგიამ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის დადგენილება, რომელმაც უარი თქვა უკანონოდ ეცნო საემიგრაციო სამსახურის ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსი არ მიანიჭეს.

"სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება და ის დღეიდან ძალაში შევიდა. ეს კი ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკვე გამოიყენა უფლება მიემართა სახელწიფო საემიგრაციო სამსახურისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭების მიზნით. ახლა არსებობს რისკი, რომ ხელისუფლებამ განახორციელოს გეგმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან შესაძლო უკანონო გაძევებასთან და ასევე მის უკანონო ექსტრადიციასთან დაკავშირებით,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

სასამართლო სხდომას დღეს ოდესის ყოფილი გუბერნატორი ბოლომდე არ დასწრებია. მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. ”ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი სასამართლოს შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება შეეცდება მოკლევადიანი პრობლემები შექმნას, შეიძლება ის დაიჭირონ ან გააძევონ თუმცა ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს.

დღის ამბები