20 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება მაუწყებლის საბჭოს ყოფილი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ გადახდილ 12 800 ლარს.

ლელა გაფრინდაშვილი ამტკიცებს, რომ ანაზღაურება კონკრეტული პროექტის განხორციელების სანაცვლოდ მიიღო, მაგრამ სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე უარყო მასთან რაიმე ოფიციალური ხელშეკრულების არსებობა.

თავად სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სადავო ანაზღაურების დაბრუნებას არ აპირებს. ლელა გაფრინდაშვილის მტკიცებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა არხმა მას ათასობით ლარი იმ პროექტისთვის გადაუხადა, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ უფლებამოსილების შეწყვეტამდე დაიწყო.

გაფრინდაშვილმა საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს ახსნა-განმარტება აუდიტის სამსახურის დასკვნაზე მისცა. ბორდი დღეს დაინტერესდა, რა სტატუსით და ვისი ინიციატივით იმუშავა ყოფილმა წევრმა მაუწყებლის განვითარების პროექტზე. სხდომაზე განმარტებების გაკეთება დღეს არხის მთავარ ბუღალტერსაც მოუწია.

სამეურვეო საბჭოს თავმჯომარემ, გრიგოლ გეგელიამ, გაფრინდაშვილთან თანამშროლობის სურვილი დაადასტურა, თუმცა, აცხადებს, რომ ბორდის ყოფილ წევრთან სამეურვეო საბჭოს სამომავლო გეგმებზე არ უმსჯელია. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრების მტკიცებით, მხარეებს არც პროექტის შინაარსი და არც ბიუჯეტი განუხილავთ.

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, ბორდის ყოფილ წევრზე უკონტროლოდ გაცემული ანაზღაურება იმის დასტურია, რომ მაუწყებლის ბორდი და მენეჯმენტი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ბიუჯეტის თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე, ჯერჯერობით, უცნობია. მთავარ კითხვას პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები