20 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
დავით ქმოსტელის, მეტსახელად „ძივითას“, მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახები პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებენ

ლომთათიძის ქუჩაზე დავით ქმოსტელის, მეტსახელად „ძივითას“, მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ყანდორელაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის, მეგობართან ერთად, სოფელ აღაიანში დააკავეს და არა თბილისში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

დაკავების ოპერაციის ერთადერთი თვითმხილველი, ბრალდებულის ბებია, ყვება, რომ მოულოდნელად მათ სახლთან პოლიციის რვა ავტომობილი გაჩერდა და სამართალდამცველები ეზოში შევიდნენ, დაკავების ოპერაციის დროს კი მის შვილიშვილს სასტიკად სცემეს.

ბრალდებულის ოჯახის მტკიცებით, პოლიციამ ძალას გადაამეტა. პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე კიდევ ერთი დაკავებულის, გიგა ჭალელიშვილის, ნათესავებიც საუბრობენ.

მათი მტკიცებით, ვიდრე პოლიცია ბრალდებულებს დააკავებდა, განყოფილებაში მათი ოჯახის წევრები გადაიყვანეს და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ. გიგა ჭალელიშვილის მამა ამ დრომდე მცხეთის საავადმყოფოშია.

პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლოა გადამატების საქმეზე გამოძიების დაწყებას ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურას სთხოვენ.

ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ლევან ყანდორელაშვილი და გიორგი ჭარელიშვილი დააკავა. მათ ბრალი განზრახ მკვლელობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით წაუყენეს. ორივე 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები