16 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
არ ვაპირებ ამ არსებასთან პოლემიკაში შესვლას... კომკავშირელები და კმარელები თქვენსკენ მოიკითხეთ - დაპირისპირება უგულავასა და შაქარაშვილს შორის 

თბილისის ყოფილი მერი განმარტებებს აკეთებს, თუ რატომ არ მოხდა მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ქაოტური მშენებლობების შეჩერება. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის არ აპირებს, ვინმეს რამე გადააბრალოს.

თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ქაოტური მშენებლობების გარდა, თბილისში არის უამრავი ძველი ნაგებობა, რომელსაც აქვს ექსპულატაციის ვადა გასული და იქ ხალხი ცხოვრობს.

არჩევანში საუბრისას გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მშენებლობებთან მიმართებაში სიტყვა „მახინჯი“ არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ეს სუბიექტური დამოკიდებულებაა.

„მე ვერ გავიზიარებ იმ დანერგილ ფობიას, რომ მაინცდამაინც მაღალი შენობა არ უნდა აშენდეს თბილისში. თუ შესაბამისი სტანდარტებით აშენდება, უნდა აშენდეს,“ - განაცადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ასე მწვავედ ეკოლოგიურ პრობლემებს დედაქალაქში არ აყენებდნენ, რადგან მაშინ სხვა საჭიროებები იყო, მათ შორის იყო ე.წ. ბუნკერები, ნაგავსაყრელები, უგზოობა და ა.შ. თუმცა, დღეს თბილისის ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

გიგი უგულავა ამბობს, რომ მშენებლობები 20%-ია ქვეყნის ეკონომიკის და ამ თემას საკმაოდ სენსიტიურად უნდა მოეკიდოს ყველა.

„არ უნდა მოხდეს მშენებლობის დემონიზაცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ის ამბობს, რომ ვაკესა და საბურთალოში გადატვირთულია შენობები, ამიტომ ერათადერთი გამოსავალია, რომ სამშენებლო ვექტორი მარცხენა სანაპიროზე გადავიდეს და ამისთვის საჭიროა ქალაქის გენგეგმა.

„ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ უქმდება ყველა პროფესიული საბჭო, რაც იმას ნიშნავს, რომ მერმა ერთპიროვნულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც არასწორია, პრაგმატულადაც არასწორია, მათ შორის, თავად კალაძისთვის,“ - განაცხადა უგულავამ. 

უგულავა კალაძეს პროფესიონალების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

გიგი უგულავას განცხადებებს არჩევანის სტუდიაში მყოფი ურბანისტი ნიკო კახეთელიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, როდესაც გიგი უგულავას მხრიდან საუბარია, რომ პროფესიული საბჭოები არ უნდა გაუქმდეს, მან უნდა გაიხსენოს ის, რომ მისი დედაქალაქის მერად ყოფნის დროს გაუქმდა „თბილქალაქ პროექტი“, რომელიც ძალიან მაღალი რანგის არქიტექტორებით და ინჟინირებით იყო დაკომპლექტებული.

გიგი უგულავას ასევე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის წევრი, ვატო შაქარაშვილი. მან აღნიშნა, რომ ის ქაოსური მშენებლობები, რაც მიმდინარეობს, მასაც არ მოსწონს და ჩიხში სწორედ გიგი უგულავამ შეიყვანა.

ვატო შაქარაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობაზე დაფუძნებულმა ეკონომიკამ მიიყვანა დედაქალაქი სწორედ ამ მდგომარეობამდე.

„ჩვენ გვიწევს იმ ნაღმების გამოსწორება, ბატონო გიგი, რომელიც თქვენ დაუტოვეთ ამ ქალაქს,“ - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა და გიგი უგულავას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვა.  

მის ამ განცხადებას გამოეხმაურა გიგი უგულავა, რომელმაც ვატო შაქარაშვილს „კომკავშირელი არსება" უწოდა.

„დავიწყებ ამ ახლგაზრდა კომკავშირელის შეძახილებით და არ ვაპირებ ამ არსებასთან პოლემიკაში შესვლას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ, რაზეც ვატო შაქარაშვილმა უპასუხა, რომ "კომკავშირელები მას შეუძლია, მისკენ მოიკითხოს".

გიგი უგულავა ნიკო კახეთელიძის კრიტიკასაც გამოეხმაურა და მოუწოდა, რომ "ნუ ისაუბრებს წარსულზე, რადგან თავად ვანო ზოდელავას  კაბინეტის წევრი იყო". 

დღის ამბები