23 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია, მისი შვილი მოკლული - პოლიცია მძიმედ დაჭრილ თავდამსხმელს ეძებს

პოლიცია ამ დრომდე ეძებს საკმაოდ მძიმედ დაჭრილ თავდამსხმელს. სისხლის კვალს სამართალდამცველები დიღმის ტყე პარკში გაყვნენ. მკვლელი სავარაუდოდ, საშუალო ასაკის და აღნაგობის მამაკაცია, რომელიც ერთმა მეზობელმა დაინახა. დოდო გუგეშაშვილის შვილს 5 სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ერთ-ერთი ვერსიით, სროლის ხმაზე საძინებლიდან თავად დოდო გუგეშაშვილი გავიდა, შვილს გადაეფარა, რა დროსაც შეირაღებულმა თავდამსხმელმა თადარიგის პოლკოვნიკს გულში ესროლა.

ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მხედრიონის ყოფილი ლიდერი კი, ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია. „კურიერის“ ინფორმაციით, საოპერაციოში შეყვანამდე თადარიგის პოლკოვნიკმა მკვლელის ვინაობაც დაასახელა.

გუგეშაშვილის მეზობლები ამტკიცებენ, რომ გაქცეული თავდამსხმელი დაინახეს, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და ხელში პოლიეთილენის გამჭვირვალე ჩანთა ეჭირა. ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებულ თავდამსხმელს თავად დოდო გუგეშაშვილმაც ესროლა.

მკვლელობის და დაჭრის ოფიციალურ მოტივზე საგამოძიებო უწყება ჯერ არ საუბრობს. „კურიერის“ ინფორმაციით კი, ერთ-ერთ ვერსიაზე, რაზეც სამართალდამცველები მუშაობენ, ნოდარ გუგეშაშვილის მიმართ პირადი ანგარიშსწორებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის სავარაუდოდ, გარდაცვლილს იცნობდა. 

ამ წუთებში სამართალდამცავები გუგეშაშვილების მეზობლებს კითხავენ. ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე დოდო გუგეშაშვილის ძმა შევიდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები