19 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
6-ჯერ გაძარცვული ფერმა - მაჰმად კარიმოვი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

დედოფლისწყაროში, მაჰმად კარიმოვის ფერმა 6-ჯერ გაძარცვეს. ქურდებმა 30 ძროხა და 145 ღორის ისე წაიყვანეს, რომ ერთ კილომეტრში მდებარე პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დანაშაულის აღკვეთა ვერცერთხელ ვერ შეძლეს.

კარიმოვი ყოველი ქურდობის შემდეგ საჩივრით ადგილობრივ პოლიციას მიმართავდა. თუმცა, დახმარების ნაცვლად ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები ემუქრებოდნენ. პოლიციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო, კარიმოვმა ოჯახი ბაქოში გახიზნა.

მაჰმად კარიმოვი დარწმუნებულია, რომ მისი ფერმის 6-ჯერ გაქურდვაც შემთხვევითი არ არის და დამნაშავეებს პოლიცია მფარველობს. ფერმერი კარიმოვი დარწმუნებულია, რომ მას ოპოზიციის მხარდაჭერის და პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიან.

მეზობლები დედოფლისწყაროში ყვებიან, რომ მათ რაიონში ქურდობა იშვიათი შემთხვევაა და მიზანმიმართულად მხოლოდ კარიმოვის ფერმა იძარცვება.

მაჰმად კარიმოვი სავარაუდო დამნაშავეებსაც ასახელებს. ამბობს, რომ მათი ვინაობა პოლიციამაც კარგად იცის, თუმცა ხელს აფარებენ. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმე უკვე გამოძიებულია და ორი მწყემსი დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს თავად დაზარალებულს.

დღის ამბები