23 იანვარი 2020,   21:41
ვრცლად
გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული პირები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული პირები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და შესაბამისად, ბრალდებული ვაჟა კვარაცხელია, თემურ დათიკაშვილი და ზაზა მაჩალაძე წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

დაკავებულების ადვოკატები ითხოვდნენ წინასწარი დაკავების 5-5 ათასიანი გირაოთი შეცვლას და ასევე, დაკავებულებს თავდებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ.

ზაზა მაჩალაძეს თავდებში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა უდგებოდა, რომელიც იმედოვნებდა, რომ მოსამართლე დაკავებულებს გაათავისუფლებდა.

ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, ბრალდების მხარეს უსაფუძვლო არგუმენტები ჰქონდა. პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები წარადგინა.

ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე კომერციულ მოსყიდვას ბრალდების მხარე 5 პირს ედავება, რომელთაგან ორი, ირაკლი და დავით ბერიშვილები წინა სასამართლო სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რადგან მათ ბრალი აღიარეს.

დანარჩენი სამი დაკავებული კი, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მათი უფლებადამცველების თქმით, საქმეზე 221-ე მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს და ძიება უნდა გაგრძელდეს 203 მუხლით, რაც შედარებით უფრო მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.

გამოძიება ბრალდებულებს ანგარების მიზნით სპორტული მატჩების შედეგების ჩაწყობას ედავება.

დღის ამბები