20 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
საშუალო სიმაღლის მამაკაცი, ლურჯი ქურთუკით - დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელი აღწერა

საშუალო სიმაღლის მამაკაცი, ლურჯი ქურთუკით - ასე აღუწერა მხედრიონის ყოფილმა ლიდერმა, დოდო გუგეშაშვილმა საკუთარი შვილის მკვლელი მეზობლებს. შეირაღებული თავდამსხმელი გუგეშაშვილების სახლში დილის 10-დან 11 საათამდე შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველად მან მხედრიონის ყოფილი ლიდერის შვილს ზურგიდან ესროლა. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

დამნაშავემ ერთი ტყვია შვილის დასახმარებლად სამზარეულოში გასულ დოდო გუგეშაშვილსაც ესროლა. თავდასხმის ერთადერთი თვითმხილველი - თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

თავდამსხმელს სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. სროლის ხმა მრავალსართულიან კორპუსში მეზობლებს არ გაუგიათ, ერთადერთი, რასაც ადგილობრივები საეჭვოდ მიიჩნევენ, მკვლელობის დროს კორპუსში დენის გათიშვაა.

მკვლელობიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არც დამნაშავე დაუკავებიათ და არც მკვლელობის ოფიციალური მოტივი დაუსახელებიათ. 

მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ გუგეშაშვილების ახლობლებს. თუმცა, ნათესავები დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობასთან შეირაღებული თავდასხმის კავშირს გამორიცხავენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის ნოდარ გუგეშაშვილის მიმართ პირადი ანგარიშსწორების ვერსიაზეც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები