25 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
ჩხუბი სკოლის მოსწავლეებს შორის - პოლიცია მანდატურებს კითხავს

ამ წუთებში მე-12 საჯარო სკოლის მანდატურები ნაძალადევის პოლიციის მეცხრე განყოფილებაში იკითხებიან. ისინი უკვე ორი საათის განმავლობაში იმყოფებიან პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე. ნაძალადევის რაიონში საჯარო და კერძო სასწავლებლის მეთორმეტე კლასელები ერთმანეთს სასწავლო პროცესის დროს, სკოლის გარე პერიმეტრზე დაუპირისპირდნენ.

თვითმხილველების თქმით, კონფლიქტში, რომლის დროსაც ერთი ბავშვი დაშავდა, 40-მდე მოზარდი მონაწილეობდა. დაპირისპირება და ჩხუბი მე-12 საჯარო და კერძო სკოლა „ლამპრის“ მოსწავლეებს შორის დღეს მოხდა. საქმეში დროულად ჩაერთო მანდატური, რომელმაც მოგვიანებით „ლამპრის“ დაშავებული მოსწავლე სკოლაში მიიყვანა, საიდანაც ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.  

იაშვილის სახელობის საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ რუსაძის თქმით, საავადმყოფოში შეყვანის დროს სკოლა „ლამპრის“ მე-10 კლასის ნაცემ მოსწავლეს თავის ტვინის შერყევა ჰქონდა.

ექიმის თქმით, 15 წლის ბიჭს სახესა და გულ-მკერდის არეში სისხლჩაქცევები აქვს. მსუბუქი დაზიანებების გამო, დაშავებული მოზარდი უკვე სახლშია გაწერილი.

როგორც სკოლა „ლამპრის“ დირექტორი, დარეჯან ქადაგიძე ამბობს, ნაცემმა მოსწავლემ განუცხადა, რომ არ იცის, კონკრეტულად ვინ დაარტყა, რადგან ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. მოზარდმა ახლობლებთან საუბარში აღნიშნა, რომ მოზარდების ჩხუბს შეესწრო, რა დროსაც ერთ-ერთი ბიჭის ხელი მოხვდა და ტუჩი დაუზიანდა.

ბავშვებს შორის მომხდარი კონფლიქტი, სავარაუდოდ, გადაიღო ამ ორი სკოლის გვერდით განთავსებული კიდევ ერთი კერძო სკოლის, „პეგასის“ სათვალთვალო კამერებმა. 

დღის ამბები