20 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - 26 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, ჟვანიას ქუჩის 10 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან მუშა გადმოვარდა. 26 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

მუშების თქმით, მას გაჯის გადატანა ევალებოდა და შენობის შიგნით უნდა ემუშავა. ერთ-ერთმა მუშამ ასევე აღნიშნა, რომ 26 წლის ახალგაზრდა თავისი ნებით გავიდა აივანზე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორის, ლინა ღვინიანიძის თქმით, მშენებლობებზე ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ადამიანი იღუპება.

„ეს უკავშირდება იმას, რომ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი მექანიზმი, რომელიც შეძლებდა იმას, რომ არ მომხდარიყო ასეთი რამეები და ეს უკავშირდება სახელმწიფოს უუნარობას,“ - განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ. ისინი ასევე, კანონპროექტის მოსმენის გაჭიანურებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას უზრუნველყოფს.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „კაპიტალ კონსტრაქშენი“ აწარმოებდა. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

 

დღის ამბები