20 აპრილი 2024,   00:30
ვრცლად
მათ, ვინც უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევს, სანქციები დაეკისრება - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. მათ, ვინც უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევს სანქციები დაეკისრება. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაირკვა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას, მთავრობა კონკრეტული ღონისძიებებით გეგმავს. როგორც ცნობილია, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს ითვალისწინებს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ინიციატივის მიხედვით, შენგენის ზონაში, კანონის დარღვევით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„თავშესაფრის მაძიებლების მხრიდან, აქვს ადგილი გარკვეულ კრიმინალურ ქმედებებს და ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება არის აუცილებელი. მაგრამ ამის წინააღმდეგ ზომების მიღება უნდა მოხდეს ადგილზე, გერმანიაში. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვალდებული ვართ, რა თქმა უნდა, რომ გავააქტიუროთ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ ინიციატივაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს, ვინც კანონის დარღვევით იმყოფებიან შენგენის ზონაში,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ

რაიმე პანიკის საფუძველს ვერ ხედვას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი თქმით, რაიმე წინაპირობა იმისა, რომ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი, არ არსებობს. 

„არანაირი საფუძველი ჩვენ არ გვაქვს რაიმე პანიკის ან არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არის იმის, რომ გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი და შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. ცალკეული განცხადება შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ცალკეულ შემთხვევებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გადაადგილების სამართლებრივ შედეგებთან არის ბმაში. ამის წინაპირობა და რაიმე საფუძველი, რომ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი, ჩვენ არ გვაქვს ასეთი წინაპირობა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები