14 დეკემბერი 2019,   14:39
ვრცლად
საკრებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში ცვლილება დაამტკიცა - ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

საკრებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში ცვლილება დაამტკიცა. ინიციატორი მერია იყო და საკითხი დეპუტატებს სხდომაზე მერის მოადგილემ გააცნო.

თუ აქამდე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 20 პროცენტი მოსახლეობის თანამონაწილეობა იყო, მოსახლეობის ვალდებულება, ცვლილებების მიხედვით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მერია დააფინანსებს, თუმცა მოსახლეობა ვალდებულია პროექტის ღირებულების 10 პროცენტის საგარანტიო თანხა სპეციალურ ანგარიშზე დადოს. წესის ცვლილებაში ოპოზიცია კორუფციის ნიშნებს ხედავს.

„ერთ კორუფციულ სისტემას ჩაანაცვლებენ უფრო კორუფციული სისტემით. იმიტომ, რომ აქამდე თუ კორპუსის თავმჯდომარე და კომპანია თავად რიგდებოდა ერთმანეთთან, ახლა გამგეობა და კომპანია შეთანხმდება ერთმანეთთან, ჩაატარებენ ტენდერს. როგორ ტარდება ამ ქალაქში ტენდერები, ყველამ კარგად ვიცით,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” წევრის დავით ჟღენტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა, აქედან გამომდინარე,  მათ აღნიშნულ წესს მხარი არ დაუჭირეს.

განცხადება თემასთან დაკავშირებით გააკეთა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ  რევაზ სოხაძემ.

„მსოფლიოში ტენდერი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მექანიზმად კორუფციის წინააღმდეგ. გამომდინარე აქედან, ტენდერი ზუსტად ტარდება იმისთვის, რომ გამოირიცხოს, ან მინიმუმადე შემცირდეს კორუფციული რისკები,“ - განაცხადა  რევაზ სოხაძემ.

დღის ამბები