18 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
თბილისის ცენტრში დაკავებული ირანის მოქალაქე - მამაკაცი, სავარაუდოდ, თანამოქალაქის მკვლელობას გეგმავდა 

ირანელ მოქალაქეს, რომელიც თბილისში აღმოსავლურ რესტორანს ფლობს, გამოძიება მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებს. სავარაუდო მსხვერპლი ასევე ირანის მოქალაქეა.

რესტორანი „ნაიების“თანამშრომლებმა დაწესებულების მფლობელის დაკავების დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. ღიად მხოლოდ ის თქვეს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებები მათთან არ ჩაუტარებიათ. ირანულ-ქართული რესტორნის თანამშრომლების ინფორმაციით, ირანის მოქალაქე, რომელიც დღეს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობს და ბიზნეს საქმიანობას ეწევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მოქალაქე 5500 დოლარად თბილისში მისივე თანამოქალაქის მკვლელობას გეგმავდა.

ირანის მოქალაქე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მისი რესტორნიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს. ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც მონაწილეობდნენ, საგამოძიებო მოქმედებების გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ლერმონტოვის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი იყო. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ საკმაოდ  დიდი ზომის დანა ამოიღო.

დაკავებული ირანის მოქალაქე ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

დღის ამბები