19 აპრილი 2024,   10:42
ვრცლად
ეტიკეტშეცვლილი თევზი საჯარო ბაღებში - ბრალდებებს ბაღების მომმარაგებელი კომპანია „ნილი" პასუხობს

საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტშეცვლილი თევზი შეიტანეს. სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია,  „სკოლამდელები- ჩვენი მომავალი“ ეტიკეტის ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებიც ბაღების მომმარაგებელმა კომპანია „ნილმა“ ბაღების დირექტორებს გადაუგზავნა.

ბაღების დირექტორებს აღნიშნული ეტიკეტი თევზის შეფუთვაზე თავად გადაეკრათ და სავარაუდოდ, ვადაგასული პროდუქციის კვალი ამ გზით დაეფარათ.

ბაღებში შეტანილი თევზის შეფუთვაზე წერია, რომ ორაგულის ფილე 3 თვის განმავლობაშია ვარგისი. ამავე შეფუთვაზე დატანილია ეტიკეტირება, სადაც მითითებულია, რომ ის უკვე 3 თვეზე მეტია, გაყინულია და თან პროდუქტი ხელმეორედ არის გაყინული.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს დღეს კომპანია „ნილის“ წარმომადგენელმა უპასუხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ბაღებში დღეს უმაღლესი ხარისხის თევზი შეიტანეს, პრობლემა კი ეტიკეტების გამო შეიქმნა, რომელიც არა „ნილს“ არამედ მიმწოდებლ კომპანია „უმალს“ ჰქონდა.

ბაღებში საეჭვო პროდუქტის შეტანის თემა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურის მიზეზი გახდა. ოპოზიციის ბრალდებებზე საპასუხოდ, თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რომ გაუგებრობა მოხდა და ბაღებისთვის ვადაგასული პროდუქტი არ მიუწოდებიათ.

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს დღეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, სააგენტოს მოთხოვნით მომხდარს სურსათის ეროვნული სააგენტო გამოიკვლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები