20 ოქტომბერი 2018,   13:48
ვრცლად
სტუდენტების ცემა, შეურაცხყოფა - სასულიერო სემინარიაში ახალი სკანდალი მწიფდება

სკანდალი მწიფდება საპატრიარქოს კიდევ ერთ სასწავლებელში - სასულიერო სემინარიაში. ღია წერილით გასულ კვირას ყოფილმა სტუდენტებმა უწმინდესს მიმართეს, სადაც წერენ, რომ მღვდლების სამჭედლოში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა ლექტორის, მამა შალვა კეკელიასა და სტუდენტების შეხვედრიდან ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვეს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სემინარიის ლექტორი მამა შალვა კეკელია აჯანყებულ სტუდენტებთან საუბრის პირდაპირ ასახელებს ბუნტის უკან მდგარ სინოდის ერთ-ერთ წევრს, მღვდელმთავარ იოანე გამრეკელს.

ყოფილმა სტუდენტებმა ჩანაწერის გახმაურება შვიდი წლის შემდეგ სასწავლებელში არსებული უმძიმესი ვითარების გამო გადაწყვიტეს. მათი თქმით, მოქმედი სტუდენტები ხმამაღლა საუბარს შიშის გამო ვერ ბედავენ.

2011 წელს 501 ახალგაზრდა გიორგი ზვიადაძის გადადგომას ხმამაღლა მოითხოვდა, თუმცა, მაშინ ზვიადაძე საპატრიარქომ გადაარჩინა.

თეოლოგების თქმით, ციანიდის სკანდალური საქმიდან ზუსტის ერთი წლის შემდეგ საპატრიარქოს კედლებში ახალი დიდი დაპირისპირება ღვივდება.

14-პუნქტიან წერილზე პატრიარქის პასუხი არ ყოფილა, არავინ იცის, მივიდა თუ არა ადრესატამდე სკანდალური გზავნილი. ბრალდებებზე დუმს მოსაყდრე შიოც. ასევე, ჯერ არ დაუსახელებია ბრალდებული საპატრიარქოს, თუ ვინ დგას კრიტიკული წერილის უკან.

პროტოპრესვიტერი პირად საუბრებში კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან ძალადობის გამოვლინების ნებისმიერ ფაქტს.

თუმცა, კურიერისთვის მოწოდებულ ექსკლუზიურ აუდიოჩანაწერში, თავად პროტოპრესვიტერი ყვირილის ფაქტებს ადასტურებს. ამის შესახებ კი ღიად საუბარი ინტერვიუში არ ისურვა. 

„კურიერის“ ინფორმაციით, მეუფე იაკობის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე.

ანდრიაძე გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე საუბარს მხოლოდ პირდაპირ ეთერში თანხმდება.

დღის ამბები