21 ოქტომბერი 2018,   04:33
ვრცლად
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პანკისის სპეცოპერაცია, მაჩალიკაშვილის მკვლელობა - ანალიტიკოსი გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტზე

„მე ვფიქრობ, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პანკისის სპეცოპერაცია, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა. ის დაინტერესებული იყო აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის ფაქტითაც, რადგან ჩატაევი იყო გავლენიანი მებრძოლი სირიაში, მაგრამ როგორ და რატომ აღმოჩნდა საქართველოში, ალბათ, კადიროვისთვის საინტერესო იყო,“ - ეს განცხადება ანალიტიკოსმა, ნილ ჰაუერმა, გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

ანალიტიკოსის თქმით, გროზნოს მერი და ჩეჩნეთის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი საქართველოში საიდუმლო ვიზიტით ჩამოვიდა და ფარული მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდა.

კანადელი მკვლევარი ამბობს, რომ მუსლიმ ხუჩიევი რამზან კადიროვის დავალებით ჩამოვიდა და ხუჩიევი ჩეჩენი მებრძოლების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, რომლებიც ისლამური სახელწიფოს დაშლის შემდეგ, შესაძლოა, სამშობლოში საქართველოს გავლით ბრუნდებოდნენ.

ჰაუერი მიიჩნევს, რომ ჩეჩნებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაა.

მერის საქართველოში ვიზიტით ევროპული გამოცემა ევრაზიანეტიც დაინტერესდა და სტატიაში აღნიშნულია, რომ მუსლიმ ხუჩიევის მიზანი შესაძლოა, საქართველოში სირიიდან მომავალი ჩეჩენი მებრძოლების გადაადგილების მარშრუტის დადგენა, აჰმედ ჩატაევისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციები იყო.

ოპოზიცია დაინტერესდა, როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი პირმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში რამზან კადიროვის ბრძანებით საქართველოში შემოჭრილ ჩეჩნურ ბატალიონ „ვოსტოკს“ ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას უწევდა.

21 იანვარს იუსტიციის მინისტრმა პირობა დადო, რომ საქმეს შეისწავლიდნენ და ჩეჩნეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი შავ სიაში მოხვდებოდა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტერორისტები ახალი თავშესაფრებისა და უსაფრთხო კორიდორების ძებნას ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში დაიწყებენ, რამაც შესაძლოა, რეგიონში ახალი დესტაბილიზაციის კერები წარმოქმნას.

დღის ამბები