19 ოქტომბერი 2018,   22:54
ვრცლად
საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ - მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან პირველ განცხადებას აკეთებს

„საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ, ახლა უკვე ვარშავაში ვარ,“ – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ჩასვლის შემდეგ გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეები სრული სიცრუეა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის კაფედან გაიტაცეს და ცდილობდნენ, რომ მას არ დაენახა სად მიდიოდნენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ხელებშეკრული წაიყვანეს.

„კაფეში ვიყავით, როდესაც შემოვარდნენ და ძალით ჩამსვეს მანქანაში. თვალები ამიხვიეს და ვერტმფრენამდე მიმიყვანეს, როგორც მივხვდი, დიდხანს არტყამდა წრეს კიევის თავზე, ალბათ, კვალის არევის მიზნით. დაეშვა ბორისპოლში, სადაც თვითმფრინავში გადამსვეს. საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ, ახლა უკვე ვარშავაში ვარ. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იტყუება გამუდმებით უკრაინის ხელისუფლება. არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე და არც გადატრიალება, რასაც თითქოს ვგეგმავდი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციას მართავენ.

უკრაინის მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დაბრუნებას რადას დეპუტატებიც აპროტესტებენ. იულია ტიმოშენკომ უკვე მიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს და აღნიშნა, რომ ეს არის უკრაინისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილება.

მან უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილის დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი საათის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა მისი დაკავება და პოლონეთში გაშვება.

მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთი კაფედან სასაზღვრო და მიგრაციის სამსახურების თანამშრომლებმა აიყვანეს.

დღის ამბები