22 თებერვალი 2018,   22:44
ვრცლად
"ეს ერთ-ერთი საბოლოო პოლიტიკური ლურსმანია პოლიტიკურ კუბოზე, რომელსაც თვითონ იჭედებს პოროშენკო"-ბარამიძე სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში რეადმისიას საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები ეხმაურებიან. "ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პოროშენკოს ეს ქმედება არა ბრძოლის დასასრული, არამედ ბრძოლის დასაწყისია.

"დარწმუნებული ვარ "ქართულმა ოცნებამ" და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა შვებით ამოისუნთქა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე. ფაქტია, სხვა პოლიტიკური რეალობა შეიქმნებოდა... ეს არაფრის დასასრული არ არის, პირიქით ბრძოლა იწყება“-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის უკრაინიდან ამ ფორმით გამოძევება მოსალოდნელიც კი იყო, რადგან ეს მეთოდები ოლიგაქრქიული რეჟიმისთვის დამახასიათებელია.

"ეს მოსალოდნელი იყო ოლიგარქები ზუსტად ასე მოქმედებენ. ეს იყო ყაჩაღური თავდასახმა. რეალურად, პოროშენკოს მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, დღისით, მზისით მოიტაცეს შუაგულ კიევში და გააქრეს.

ამით პოროშენკომ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენს ბრძოლაში არაფერი იცვლება. ბრძოლა გრძელდება, კორუმპირებული კლანების წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ჩვენი ხალხები, როგორც უკრაინაში ისე საქართველოში გამარჯვებამდე მივიყვანთ,“- აცხადებს ბიბილაშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე თვლის, რომ ამ ნაბიჯით, პოროშენკომ საკუთარ პოლიტიკურ ცხოვრებას განაჩენი გამოუტანა და მას უკრაინელი ხალხი არჩევნებში მხარს არ დაუჭერს.

"ეს ერთ-ერთი საბოლოო პოლიტიკური ლურსმანია პოლიტიკურ კუბოზე, რომელსაც თვითონ იჭედებს პოროშენკო. ეს ნიშნავს, რომ ის წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს თუ იქამდე საერთოდ მიაღწია, იმიტომ რომ უკრაინაში საზოგადოება ასეთ რამეზე მწვავედ რეაგირებს“- განაცხადა ბარამიძემ.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი საათის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა მისი დაკავება და პოლონეთში გაშვება. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის პოლონეთში შეშვება რეადმისიის განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც მათ უკრაინიდან მიიღეს. 

დღის ამბები