18 ოქტომბერი 2018,   08:12
ვრცლად
იმედით ვიყავით, რომ სასამართლო რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია - მიხეილ რამიშვილი 

სასამართლო აქამდე რეანიმაციაში იწვა, მაგრამ ახლა გარდაცვლილია- ეს შეფასება, ,,ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

,,შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სასამართლო საქართველოში არ არსებობს, იმედით ვიყავით, რომ რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილი არის. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი, სამართლიანი მოსამართლეები.

ეს იყო გაგრძელება იმ შეკვეთისა და იმ დავალების, რომელიც პროკურატურიდან დაწყებული პირველი ინსტანციის მოსამართლემაც მიიღო, კოპირება გაუკეთა პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლომ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ევროპის სასამართლოს მივმართოთ“-განაცხადა რამიშვილმა.

დაკავებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე  გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვების მიზეზზე საუბრობს.

მისი თქმით, დეკანოზის პატიმრობა ხელს იმ ადამიანებს აძლევთ, რომლებიც საპატრიარქოში არსებული დარღვევების უკან დგანან.

,,ჩემმა ძმამ საპატრიარქოს უდიდესი დარღვევები გამოიკვლია, რომელიც ეხებოდა ფინანსურ მხარეს და ეს მიზანი ემსახურება იმას, რომ არ გამოვლინდნენ ის სასულიერო და საერო პირები რომლებიც ამ საქმის უკან დგანან,“-ამბობს თორნიკე მამალაძე.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ელოდა სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილება, რადგან როგორც ზვიად გუბელაძე ამბობს, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები დევს.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

 

დღის ამბები