20 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
როგორც აღმოჩნდა, დეკანოზს უფრო მეტი ძალა აქვს ციხიდან, ვიდრე მათ, გარეთ მყოფებს - გიორგი ფანცულაია

„როგორც აღმოჩნდა, დეკანოზს უფრო მეტი ძალა აქვს ციხიდან, ვიდრე მათ გარეთ მყოფებს,“ - ეს განცხადება ე.წ. "ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა დეკანოზის შესახებ გააკეთა.

დღეს მატროსოვის ციხეში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მამა გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება, ადვოკატებმა დეკანოზს გააცნეს.

ადვოკატებმა მსჯავრდებულთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით, გეგმაში აქვთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

„მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, დეკანოზი ჩემს უკან მყოფ კედლებშია, მაგრამ წაგებული უფრო ისინი არიან და საზოგადოების თვალში, როგორც ის დანაშაულის შემქმნელი სახელმწიფო პირები, ისევე ის რიგი სასულიერო პირები, დღეს ბევრად უფრო წაგებულ პოზიციაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზი არის ციხეში და არა ისინი,“ - აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

უფლებადამცველის განცხადებით, არც ადვოკატები და არც დეკანოზი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.

„როგორც აღმოჩნდა, დეკანოზს უფრო მეტი ძალა აქვს ციხიდან, ვიდრე მათ გარეთ მყოფებს, შესაბამისად, ის გააგრძელებს ციხიდან ბრძოლას,“ - განაცხადა ფანცულაიამ.

სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.

ინსტანციამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დღის ამბები