გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრის ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის გლდანის ციხეში ყელგამოჭრილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ადვოკატი და ოჯახის წევრები ამ ვერსიას არ იზიარებენ.
"გადაჭრილი ჰქონდა საძილე არტერია და საუღლე ვენა, შემთხვევით იქნა ნანახი, დავინტერესდი ნანახი იყო თუ არა ის საგანი, რომლითაც სავარაუდოდ დაზიანება იქნა მიყენებული და როგორც გამოძიება ვარაუდობდა თვითდაზიანება იქნა მიყენებული. გამომძიებლის პასუხი იყო უცნაური, რომ ასეთი საგანი არ იქნა ამოღებული და ვინაიდან საპირფარეშოში მოხდას ეს ალბათ ჩარეცხაო ის, რითაც დაზიანება მიიყენა. ბუნებრივიცაა, ამ პასუხის შემდეგ უკვე ძალიან საეჭვო და არადამაჯერებელია თვითმკვლელობის ვერსია,“-ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
მისივე თქმით, მსჯავრდებულს ორი წლის უკანაც ჰქონდა სუიციდის მცდელობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც მან ნამდვილად თვითმკვლელობა სცადა.
"წარსულში, როგორც გვაქვს ინფორმაცია ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ეს ორი წლის წინ მოხდა, თუმცა ჩემს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თვითმკვლელობის ვერსია არ არის დამაჯერებელი,“- ამბობს ჩოფიკაშვილი.
ნიკოლოზ ჩოფიკაშვილის ძმა აცხადებს, რომ ის მსჯავრდებულს ბოლოს ხუთშაბათს ესაუბრა, თუმცა მას რაიმე დაპირისპირების არსებობა არ უხსენებია.
"პარასკევს უნდა დაეწერა მოთხოვნა და შეხვედრა უნდა გვქონოდა. შაბათს მოხდა ეს ინციდენტი. ტელეფონით არაფერი უთქვამს თუ რამე უთანხმოება ჰქონდა,“-ამბობს თამაზ ჩოფიკაშვილი.