16 ოქტომბერი 2018,   17:12
ვრცლად
საკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიასა და მისი მოადგილეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიას, მისი მოადგილეების და შესაბამისი საქალაქო სამსახურების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. კახა კალაძის მიერ სატრანსპორტო კომპანიაში საკადრო გადაწყვეტილებების დაანონსებას, ოპოზიციის წევრები უსამართლოს უწოდებენ.

საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ წარმოუდგენელია მეტროსადგურში სამუშაოების ჩატარებაზე მერიის მაღალჩინოსნებს ინფორმაცია არ ჰქონოდათ.

„ვხედავთ, რომ რიგით თანამშრომლებზე აპირებენ ამ ჯოხის გადატეხვას და მათზე დაბრალებას, მაშინ, როდესაც დავალების მიმცემი იყო დედაქალაქის მაშინდელი მერი, ნარმანია, რომელსაც 10 ათასობით ლარს ვუხდით დამატებით ბიუჯეტიდან კონკრეტული სამსახურისთვის, რომელიც არავინ იცის, იქ რას აკეთებს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის წევრები მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებენ.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოების ბედს, იქ გამოცხადებულ ტენდერს პირადად არ აკონტროლებდნენ სამსახურის უფროსები, მერის მოადგილე და მერი. აქ განტევების ვაცის ძებნა დაბალ დონეზე არაადეკვატურია,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ვატო შაქარაშვილის თქმით, მაღალჩინოსნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება საგამოძიებო უწყების პრეროგატივა და ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

„იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მერიას შეძლო, მერმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გამორიცხა ყველა შესაძლო კითხვის ნიშანი იმ პირებთან დაკავშირებთ, რომლებიც უშუალო შემხებლობაში იყვნენ ჩატარებული სამუშაოების კონტროლის თუ სატენდერო დოკუმენტაციის შედგენისა თუ ექსპერტიზის ჩატარების პროცესთან,“- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები ხელს სატრანსპორტო კომპანიისკენ იშვერენ. „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს მერის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ასევე ამბობს, რომ აუცილებელია ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

„დაველოდოთ შედეგებს, ზოგადად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იყო ტენდერის გამომცხადებელი და სამუშაოების მიმღები,“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, თბილისის მერის ყოფილი მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ. 

დღის ამბები