10 დეკემბერი 2018,   22:58
ვრცლად
„რომან  კაკულია მგონი მთელი თავისი შინაარსით დღესაც არ უჭერს მხარს,“ - დავით ჭიჭინაძე მაუწყებლის შესახებ კანონპროქტზე საუბრობს 

„ვიზიარებ ნამდვილად პრეზიდენტის ვეტოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დავით ჭიჭინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ პრეზიდენტის ვეტოს შესახებ გააკეთა.

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ  კანონპროექტი დააზიანებს კერძო ტელევიზიების ინტერესებს. 

„მე ვთვლი, რომ ეს დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესს, ისედაც მცირე დაფინანსებას, რომელიც დღეს არსებობს ლეგალური, იმას კიდევ უფრო შეამცირებს და ალბათ გააჩენს შესაბამის არალეგალურ დაფინანსებას, რომელსაც ყოველთვის უნდა ებრძოდეს სახელმწიფო,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გარდა ამ განცხადებისა, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს, რის შემდეგ  მას განმარტებების გაკეთება მოუწია და მან, საკუთარი დამოკიდებულება კანონპროექტთან მიმართებაში მოგვიანებით შეცვალა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კანონპროექტის პირველად ვერსიას მხარი არ დაუჭირა. 

„რომან  კაკულიამ თქვა, რომ არ უნდა ყოფილიყო ინიციატორი ამ ხელშეკრულების. არ უჭერდა ის მხარს და  მე მგონი მთელი თავისი შინაარსით დღესაც არ უჭერს მხარს,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის ამ განცხადებას თავად რომან კაკულიამ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას თავდაპირველად მართლაც სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა კანონპროექტის მიმართ, თუმცა შემდგომ, არასამთავრობოებთან და კერძო ტელეკომპანიებთან კონსულტაციებს შემდეგ, მან პოზიცია შეცვალა.

„აქ შეიძლება გაუგებრობას იწვევს ის თემა, რომ მე თავიდანვე მართლაც ვიყავი ამ კანონპროექტის ინიციატორი, თუმცა ამის შემდეგ გაიმართა ძალიან ბევრი კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, ტელევიზიებთან და ადამიანს იმიტომ აქვს თავისუფალი ნება, რომ მისი ცვლილება სულაც არ ითვლება უპრინციპობად,“ - აღნიშნავს კაკულია.

განმარტება ჭიჭინაძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„კოლეგების მიმართ, ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია, ცალსახად შეიძლება ითქვას თუმცა რაც შეეხება პარლამენტის გუნდის შიგნით არსებულ მოსაზრებებს, არის აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა მისი კოლეგის მოსაზრებას პატივს სცემს.

დღის ამბები