23 მაისი 2018,   13:12
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - კერძო ტელეკომპანიის წარმომადგენლები არათანაბარ პირობებზე საუბრობენ

დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონზე მსჯელობას, კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა კანონმდებლებს კანონპროექტის შესახებ საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს. 

მათი თქმით, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი ძალაში შევა და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა კომერციული რეკლამის განთავსების უფლება, დამოუკიდებელი მედია დაზარალდება.

"რუსთავი2"-ის ადვოკატმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწყებული კვლევით დაინტერესება ურჩია.

„განსაკუთრებით ყურადღებით და  ფრთხილად მოეკიდეთ გთხოვთ მათ მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, იმიტო რომ სამწუხაროდ, ნათელი ხდება, რომ მანიპულირებას აქვს ადგილი მათი მხრიდან.

„რა კვლევაა ვინ ატარეს არ ვიცით, ნებისმიერ შემთხვევაში მონაცემები გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არის კლებადი და ნებისმიერ ინფორმაციაზე ასევე მოიპოვოთ ჩვენი გადამოწმებადი წყარო,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა გადასცეს, რომელიც 2014-16 წლებს მოიცავს.  ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ბაზარი 2016 წელთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ით შემცირდა, თუმცა მარეგულირებელი კომისია დღემდე არ აქვეყნებს მაუწყებლების მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. 

„მარეგულირებელი კომისია დღემდე არ აქვეყნებს 2017 წლის შემოსავლებს მაუწყებლებისთვის. ის ამბობს, რომ რაღაცას აზუსტებს "რუსთავი 2"-თან და იმედთან. ჩვენ გვაქვს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამით ის ცდილობს, რომ დამალოს ის ძალიან დრამატულ კლება, რაც კიდევ მოხდა ბაზარზე 2017 წელს,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მაუწყებლის შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში კორუფციის რისკებზე ისაუბრა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ. 

„მაუწყებლობის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რისი ვალდებულებები აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამ ვალდებულების, მინიმუმ, 80%-ს საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ვერ ასრულებს. თუ სპონსორობის ნაწილი შემოვა, ეს ნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი აქცენტს გააკეთებს ისეთი გადაცემების შემოტანაზე, რომელიც ბუნებრივად იძლევა საშუალებას, რომ სპონსორობით მომზადდეს, ეს შეამცირებს ისეთ გადაცემებს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ კურსთან არის დაკავშირებული, ოკუპირებულ ტერიტორიებთან არის დაკავშირებული. ამის ვალდებულება დღესაც აქვს მაუწყებელს, მაგრამ არცერთ მათგანს არ ასრულებს,“- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

დღის ამბები