18 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
აუცილებელია გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის მექანიზმი შეიცვალოს - გიორგი ბურჯანაძე

მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებას გულისხმობს, საგანგებო განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა.

განცხადებაში სახალხო დამცველი რამდენიმე შენიშვნაზე მიუთითებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ თუ კანონპროექტის მიზანს, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, აუცილებელია, რომ ინსპექტორის სამსახურს გამოძიების დამოუკიდებლად, პროკურატურის სავალდებულო მითითების გარეშე ჩატარების შესაძლებლობა მიეცეს.

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპროცესო ხელმძღვანელობის უფლების პროკურატურისთვის დატოვება ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას განსაკუთრებულად შეასუსტებს. თუ კანონპროექტის მიზანს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს, აუცილებელია, ინსპექტორის სამსახურს მიეცეს გამოძიების დამოუკიდებლად, პროკურატურის სავალდებულო მითითების გარეშე, ჩატარების შესაძლებლობა. გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვაში იგულისხმება რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა პროკურატურისგან ნებართვის მოპოვების გარეშე,“ - წერს სახალხო დამცველი განცხადებაში.

მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარი გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

„აუცილებელია გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის მექანიზმი შეიცვალოს და დაიხვეწოს და ამ უწყებას ქონდეს ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა თავადვე. ასევე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ გარკვეული არჩევის წესი, ისევე როგორც გარკვეული პროცედურული დეტალები დაზუსტდეს და დაკონკრეტდეს კანონში, რათა არ იყოს შესაძლებელი რაიმე უკანონო ქმედების ჩადენა. იარსებებს ასევე რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არსებობდეს. კერძოდ, ეს უწყება ერთის მხრივ არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ზედამხედველი უწყება და მას თავად ექნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

დღის ამბები