17 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
ნატო-ში გაწევრიანება, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა - ნატო-ს გენერალური მდივანი მიუნხენის კონფერენციის ძირითად გზავნილებზე საუბრობს

„საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ალიანსი განაგრძობს მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას,“ - ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში გააკეთა.

მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. რიგით 54-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლამდე იენს სტოლტენბერგმა კომენტარი მედიისთვის გააკეთა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო ალიანსში გაწევრიანებას იმსახურებს, თუმცა გაწევრიანება წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება რუსულ საფრთხეს, ვერ ვხედავთ, რომ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ ეს საფრთხე გარდაუვალია. მაგრამ, სახეზეა უფრო ძლიერი რუსეთი, რომელმაც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც ჰყავს შეიარაღებული ძალები საქართველოსა და მოლდოვაში. ნატო ახდენს რეაგირებას, მაგრამ ჩვენი რეაგირება პროპორციული და მოზომილია, ის მიმართულია ახალი გამალებული შეიარაღებისა და ახალი ცივი ომის პრევენციისკენ. ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთთან დიალოგისთვის,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს, რომ საქართველომ და უკრაინამ ალიანსში გასაწევრიანებლად რეფორმების გატარება უნდა გააგრძელონ.

„მეზობელი ქვეყნების ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პრევენცია რუსეთის სტრატეგიის ნაწილია და ეს დიდი სიურპრიზი არავისთვისაა. მისი ინსტრუმენტი სამეზობლოში კონფლიქტების პროვოცირება და შექმნაა,“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, პირველად მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი საღამო - ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა.

მიუნხენში მიმდინარე სამდღიან ფორუმს 30 სახელმწიფო მეთაურთან ერთად და ასობით დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსებიც.

საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

დღის ამბები